შპს „ხიხანი“
მრავალპროფილიანი საშუალო სკოლის
სასკოლო სასწავლო გეგმა
2012 /  2013 სასწ. წელი
შესავალი
„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს 
კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული
ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე 
ცოდნის სახით გვაძლევს, 
არამედ განსაზღვრული მიმართულებით 
მოსწავლის ძალების განვითარებას.”
 
დიმიტრი უზნაძე
 
ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს”, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ. ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას. ამ კონცეფციის  აღმავლობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხელი შეუწყო 70-იანი წლებიდან სხვადასხვა სამეცნიერო დარგში (კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, ნეირო მეცნიერებებში, განათლების მეცნიერებებში, ფსიქოლინგვისტიკაში, ენების დიდაქტიკაში და სხვ.) მიმდინარე ინტენსიურმა კვლევებმა, რომლებმაც მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და  მოთხოვნებს უპასუხებს. პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე,   მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. სწორედ ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ეს არსებითი მოთხოვნა აისახება საგნობრივი პროგრამების სამნაწილიან სტრუქტურაში:
საგნობრივი პროგრამების ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს საგნის სწავლების ამოცანებს და იმ ძირითად ორიენტირებს, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეობს. 
საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპენტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას:
ა) დეკლარატიულს, ანუ  სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, თუმცა ვერ იყენებს მას;
ბ) პროცედურულს, ანუ დინამიკურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას. პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი  გავარჯიშების გზით ხდება;
გ)  პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია.
საგნობრივი პროგრამების ძირითადი ნაწილის - სტანდარტის  ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება.
მასში სწავლების მიზნები  ჩამოყალიბებულია კონკრეტული შედეგების სახით, ანუ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სახით, რომლებიც უნდა წარმოაჩინოს მოსწავლემ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.
სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისა და ინდიკატორების სახით მასწავლებელს ეძლევა კონკრეტული მითითება იმის შესახებ, თუ როგორ და რა კუთხით უნდა დაამუშავებინოს მოსწავლეებს ჩამონათვალში მოცემული შინაარსობრივი საკითხები. ის ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მიუთითებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა მოსწავლეებმა ცოდნა გააზრებულად და საფუძვლიანად შეიძინონ.
პროგრამის შინაარსი წარმოადგენს სავალდებულო და სარეკომენდაციო სასწავლო საკითხების ჩამონათვალს.
ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელსაც შეიმუშავებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი განკუთვნილია ზოგადი განათლების სფეროში მოღვაწე თუ მონაწილე ყველა სუბიექტისთვის.
 
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
 
1. საშუალო - X-XII კლასები.
1. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.
 
ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები
4. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
 
სასწავლო წლის კალენდარი  სკოლაში
 
 
1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
2.  სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა  განისაზღვრება კანონმდებლობით.(             )
3. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:
ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.
4. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის   შემცირების მიზნით.
5. გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 15 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. 
 
მოსწავლეთა რაოდენობა  სკოლაში
1. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით.
2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ   ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.
3.  პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18.  გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება დადგენილი ნორმის შესაბამისი, სკოლა ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კლასის გაყოფის/შეერთების/არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით დატოვების თაობაზე.
5. მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განმსაზღვრელი წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წელს სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას.  უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან დათხოვნას.
6.  კლასის გაყოფა დასაშვებია ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს და სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.
7. მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების  შექმნა. კლას-კომპლექტებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.
8. კლას-კომპლექტების შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ისინი შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი.
9. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  სავალდებულო საათების რაოდენობა.
10.კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს.
 
სკოლის საერთო კულტურა
1.  სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.
2.  სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისთვის.
3.  სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სპორტულ, სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც იქნებიან ჩართულნი.
დამრიგებელი
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი.  დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.  დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
1. დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;